ცხოვრება გლუტენის გარეშე - განმარტება, გამოცდილება და რჩევები

როგორ მივხვდეთ, რომ პროდუქტი უგლუტენოა, როგორ შევამციროთ ჯვარედინი დაბინძურების რისკი და როგორ ვიკვებოთ უსაფრთხოდ?

რას ნიშნავს გლუტენის გარეშე, ანუ Gluten-free?

აშშ-ის FDA-სა და ევროკავშირის წესებით, პროდუქტი, რომელსაც ენიჭება მარკირება გლუტენის გარეშე/Gluten-free, უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, ანუ მასში გლუტენის რაოდენობა უნდა იყოს 20 მგ/კგ-ზე (20 ppm) ნაკლები. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ კონკრეტული პროდუქტის შემთხვევას წარმოების ქვეყნის მიხედვით გადაამოწმებთ.

ეტიკეტის კითხვა

ცელიაკიის და გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის, ეტიკეტის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევაა, რომელსაც, დროთა განმავლობაში, ავტომატურად გამოიმუშავებთ.

მხოლოდ პროდუქტის ვიზუალით, ან თქვენი ვარაუდით ვერ განსაზღვრავს, შეიცავს თუ არა გლუტენს. ამიტომ, ყოველთვის შეამოწმეთ, ხომ არ აქვს პროდუქტს შეფუთვაზე გადახაზული ხორბლის ნიშანი, ან წარწერა - Gluten Free. პროდუქტის წარმომავლობის შესაბამისად, ეს წარწერა, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა ენაზე (გლუტენის გარეშე, Sin Gluten, Senza Glutine, Bezglutenowa და ა.შ.). ასეთი წარწერის მქონე პროდუქტების მიღება უსაფრთხოა. გადახაზული თავთავის ნიშანი შესაძლოა სერტიფიკაციას აღნიშნავდეს, თუმცა ასეთი სიმბოლო ყველა უგლუტენო პროდუქტს არ აქვს და მხოლოდ სიმბოლოს დანახვა ეტიკეტის სრულად წაკითხვას არ ცვლის.

თუ უგლუტენო მარკირებას ვერ პოულობთ, შეამოწმეთ შემადგენლობა: ხორბალი, ქერი, ჭვავი და მათგან მიღებული ინგრედიენტები. ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია მწარმოებელთან.

შეფუთვაზე, შეიძლება, მითითებული იყოს გლუტენის შემცველი ინგრედიენტი, ან გაფრთხილება შესაძლო კვალის შესახებ.

წარწერა „შეიძლება შეიცავდეს“ შესაძლო ჯვარედინ კონტაქტზე მიუთითებს; მისი არქონა, თავისთავად, უსაფრთხოების გარანტია არ არის. გაურკვევლობისას, დაუკავშირდით მწარმოებელს.

შვრია ბუნებრივად არ შეიცავს გლუტენს, მაგრამ მისი მოყვანისა და დამუშავების დროს, ჯვარედინი დაბინძურების რისკია. აირჩიეთ შვრია, რომელსაც აქვს მარკირება „უგლუტენო“.

გახსოვდეთ: ერთი და იმავე პროდუქტის შემადგენლობა, დროთა განმავლობაში, შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, კარგად ნაცნობი პროდუქტის ეტიკეტიც, პერიოდულად, თავიდან გადაამოწმეთ.

20 ppm

ცელიაკიის დროს, კვების რაციონიდან გლუტენის სრულად ამოღება აუცილებელია. თუმცა, საკვებში მისი უმცირესი კვალის მთლიანად გამორიცხვა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ამიტომ, უგლუტენო პროდუქტებისთვის, საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება 20 ppm-ის ზღვარი.

20 ppm (parts per million) ნიშნავს, რომ ერთ კილოგრამ პროდუქტში გლუტენის მაქსიმალური რაოდენობა 20 მგ-ია. FDA სწორედ ასეთ პროდუქტებს ანიჭებს გლუტენის გარეშე/Gluten-free სტატუსს.

მაგრამ, 20 ppm არ ნიშნავს, რომ ცელიაკიის მქონე ადამიანს დღეში 20 ppm გლუტენის მიღება შეუძლია. ეს არის საზომი, რომლის მიხედვითაც პროდუქტს ანიჭებენ სერტიფიცირებას.

ცელიაკიის მქონე ადამიანისთვის აუცილებელია გლუტენის გამორიცხვა. ამიტომ, პროდუქტიც სწორად უნდა შეარჩიოს და ჯვარედინ დაბინძურებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

ჯვარედინი დაბინძურება და გლუტენის კვალი

ჯვარედინი დაბინძურება არ გულისხმობს პროდუქტის გაჭუჭყიანებას, ან დაზიანებას. ეს ტერმინი გამოიყენება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც უგლუტენო პროდუქტი მუშავდება იმავე სივრცეში, ან ჭურჭელზე, სადაც დამუშავდა გლუტენის შემცველი პროდუქტები. მაგალითად, თუ უგლუტენო პური იჭრება იმავე დაფაზე, რომელზეც დაჭრეს ჩვეულებრივი პური; ან კარტოფილი იწვება იმავე ზეთში, რომელშიც ჩვეულებრივ საფანელში ამოვლებული პროდუქტი შეწვეს; ან წიწიბურა იფუთება საწარმოს იმავე სივრცეში, რომელშიც იფუთება ხორბლის ფქვილი. ეს არის ჯვარედინი დაბინძურება, რომლის შედეგადაც, უგლუტენო პროდუქტში შეიძლება გლუტენის ნაწილაკები მოხვდეს.

როდესაც ეტიკეტზე შეგხვდებათ გაფრთხილება: „შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს“ - ეს არ ნიშნავს, რომ გლუტენი პროდუქტის ინგრედიენტია, თუმცა გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა, მომზადდა, ან შეიფუთა გლუტენის შემცველ პროდუქტებთან ერთად.

ჯვარედინი დაბინძურების რისკი არსებობს საწარმოებშიც, სახლშიც და კვების ობიექტებშიც. ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის ამ რისკის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ასეთი პატარა დოზაც შეიძლება პრობლემის გამომწვევი იყოს.

როგორ ვიკვებოთ სახლში?

სახლში კვებისასაც საჭიროა უსაფრთხო სამზარეულოს წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახის ყველა წევრი უგლუტენოდ არ იკვებება.

მთავარი პრინციპი გლუტენის შემცველი და უგლუტენო პროდუქტების ერთმანეთისგან განცალკევებით შენახვაა. თუ ოჯახის ყველა წევრი უგლუტენო დიეტაზე არაა, აუცილებელია ისეთი წესების შემოღება, რომლებიც ჯვარედინი დაბინძურების რისკს შეამცირებს.

უგლუტენო პროდუქტები უნდა ინახებოდეს ცალკე თაროზე, ან დახურულ კონტეინერებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გლუტენის შემცველი პურის ნამცეცები არ მოხვდეს საერთო კარაქში, ჯემში, კრემყველსა და სხვა მსგავს პროდუქტებში.

საერთო ჭურჭელი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ ნივთებს, რომელთა სრულად გაწმენდა რთულია. მაგალითად, ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია ცალკე ტოსტერი, საჭრელი დაფა, საწური, ხის კოვზი.

არ გამოიყენოთ უგლუტენო კერძის მოსამზადებლად ისეთი ზეთი, ან წყალი, რომელშიც უკვე მომზადდა გლუტენის შემცველი საკვები.

თუ სახლში ამ წესებს ოჯახის ყველა წევრი იცავს, ცელიაკიის მქონე ადამიანებიც უსაფრთხოდ იკვებებიან. მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია!

რა კითხვები დავსვათ კვების ობიექტებში?

კვების ობიექტებში არჩევანი და პერსონალის ცოდნა შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ ინგრედიენტების გარდა მომზადების პირობებიც გადაამოწმეთ.

ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის რესტორანში, კაფეში, ან კვების სხვა ობიექტში მხოლოდ იმის კითხვა, „ეს კერძი უგლუტენოა თუ არა“, ხშირად საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ არა მხოლოდ ინგრედიენტები, არამედ ისიც, როგორ და სად მზადდება კერძი.

იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მიირთვათ, დასვით ეს კითხვები:

  • შეიცავს თუ არა კერძი ხორბალს, ქერს, ან ჭვავს? დააზუსტეთ ფქვილიცა და სახამებელიც.
  • სოუსები, მარინადები და სანელებლები ხომ არ შეიცავს გლუტენს?
  • მზადდება თუ არა კერძი ცალკე, სუფთა ზედაპირზე და სუფთა ჭურჭლით?
  • გამოიყენება თუ არა იგივე გრილი, ტაფა, ტოსტერი, ან სამუშაო ზედაპირი გლუტენის შემცველი კერძებისთვისაც?
  • კარტოფილი, ან სხვა შემწვარი პროდუქტი ხომ არ იწვება იმავე ზეთში, სადაც ხორბლის შემცველი საკვები მზადდება?
  • გაქვთ თუ არა ცალკე ღუმელი/ტოსტერი უგლუტენო პროდუქტებისთვის?
  • იცის თუ არა სამზარეულოს პერსონალმა, რა არის გლუტენი, ცელიაკია და ჯვარედინი დაბინძურება?

აუცილებლად უთხარით პერსონალს, რომ საქმე ეხება ცელიაკიას და არა უბრალოდ კვებით არჩევანს. თუ პასუხები ბუნდოვანია, ან ვერ გიხსნიან, როგორ ამზადებენ კერძს, სჯობს აირჩიოთ უფრო მარტივი და უსაფრთხო ვარიანტი.

iმნიშვნელოვანია: საიტზე განთავსებული ინფორმაცია საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და ექიმის ინდივიდუალურ კონსულტაციას არ ცვლის.