ცელიაკია: განმარტება, სიმპტომები და დიაგნოსტიკა

ცელიაკია ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც გლუტენის მიღება აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს. დიაგნოზს ექიმი შესაბამისი გამოკვლევებით ადგენს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: დიაგნოსტიკამდე ექიმთან შეთანხმების გარეშე უგლუტენო დიეტას ნუ დაიწყებთ. გლუტენის გამორიცხვამ შეიძლება სისხლის ანალიზისა და ბიოფსიის შედეგები შეცვალოს.

რა არის ცელიაკია?

ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა. თუ ადამიანს ცელიაკია აქვს, გლუტენის მიღებისას, იმუნური სისტემა წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს. შედეგად კი ზიანდება წვრილი ნაწლავი. ამ დაზიანების გამო, ორგანიზმი ვეღარ შეითვისებს საჭირო ნივთიერებებს - ვიტამინებს, მინერალებს, სხვა საკვებ ნივთიერებებს.

იმუნური სისტემის რეაქციის გამოწვევა შეუძლია გლუტენის, თუნდაც, ძალიან მცირე რაოდენობას. ამიტომ, მკურნალობის მთავარი და, ამ ეტაპზე, ერთადერთი ეფექტური გზა არის მკაცრი უგლუტენო კვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ცელიაკია არც ალერგიაა, არც რაიმეს აუტანლობა. მითუმეტეს, არც ტრენდული დიეტის მიზეზი. არ არსებობს მედიკამენტური მკურნალობა და არც დროთა განმავლობაში გაივლის თავისით. ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნების გზა უსაფრთხო, უგლუტენო კვებაა.

ცელიაკიას გენეტიკური განწყობაც განსაზღვრავს. ამიტომ, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, ექიმთან განიხილეთ ოჯახის პირველი რიგის წევრების გამოკვლევის საკითხიც.

რა არის გლუტენი?

გლუტენი არის ცილა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხორბლის, ქერისა და ჭვავის მარცვლებში. სწორედ გლუტენი აძლევს ცომს ელასტიურობას და უზრუნველყოფს მისი ფორმისა და სტრუქტურის შენარჩუნებას.

გლუტენს შეიცავს ჩამოთვლილი მარცვლეულისგან დამზადებული ნებისმიერი პროდუქტი - პური, მაკარონი, სხვა ცომეული, ლუდი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ გლუტენი შესაძლოა შეგვხვდეს ისეთ პროდუქტებშიც, რომლებშიც - ნაკლებად ველოდებით. მაგალითად: სუნელებში, ძეხვეულში, შოკოლადში, კანფეტებსა თუ სხვა ტკბილეულში, ალკოჰოლურ სასმელებში, სოუსებში, იოგურტებში და ა.შ.

შესაძლოა, პროდუქტი ბუნებრივად არ შეიცავდეს გლუტენს, მაგრამ მზადდებოდეს, ან იფუთებოდეს ისეთ გარემოში, სადაც ამუშავებენ გლუტენის შემცველ პროდუქტებსაც. ასეთ დროს, ჩნდება ჯვარედინი დაბინძურების (გლუტენის კვალის) რისკი, ანუ რისკი იმისა, რომ გლუტენის ნაწილაკები მოხვდება ბუნებრივად უგლუტენო პროდუქტზე. ეს კი, ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის, უსაფრთხო არ არის.

ცელიაკიის სიმპტომები

ცელიაკიაზე ეჭვის მიტანა ექიმებისთვისაც კი საკმაოდ რთულია, რადგან სიმპტომები ყველა ადამიანში ერთნაირად არ ვლინდება. მეტიც, ცელიაკიას, შესაძლოა, ჰქონდეს მრავალფეროვანი სიმპტომები. მათ შორის, გასტროენტეროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შებერილობა და ტკივილი, დიარეა, ღებინება, შეკრულობა და ა.შ. ასევე, წონის კლება, ან არასაკმარისი მატება, მუდმივი დაღლილობა, თავის ტკივილი, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ანემია, გამონაყარი კანზე და სხვა.

ბავშვებში, ცელიაკიამ შეიძლება გამოიწვიოს სიმაღლეში ზრდის შეფერხება, გაღიზიანება, მადის ცვლილება და ა.შ.

თუმცა, სიმპტომების სიმძიმე ყოველთვის არ ასახავს ნაწლავის დაზიანების ხარისხს. მძიმე და თვალსაჩინო სიმპტომები არ ნიშნავს იმას, რომ ნაწლავი ძალიანაა დაზიანებული. ისევე, როგორც უსიმპტომო ცელიაკია არ ნიშნავს იმას, რომ გლუტენის მიღების შემთხვევაში, ნაწლავი არ ზიანდება.

ცელიაკია, შესაძლოა, წლების განმავლობაში იყოს აბსოლუტურად უსიმპტომო, ან მხოლოდ ძალიან მსუბუქი სიმპტომებით. თუმცა, მკაცრი უგლუტენო დიეტის გარეშე, ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება გრძელდება.

დიაგნოსტიკა

ცელიაკიაზე ეჭვის მიტანის შემდეგ, ექიმი ნიშნავს სისხლის ანალიზს - ანტი-ტრანსგლუტამინაზა IgA და საერთო IgA.

შედეგების მიხედვით, ექიმმა, შესაძლოა, დანიშნოს დამატებითი სისხლის ანალიზი, ან წვრილი ნაწლავის ბიოფსია. ბიოფსია, უმეტესად, ზრდასრული პაციენტის შემთხვევაში ინიშნება. ამ კვლევის შემთხვევაში, ანთებითი ცვლილებები და ნაწლავის ხაოების ატროფია ცელიაკიის დიაგნოზს ადასტურებს. თუმცა, გამოკვლევები ექიმმა უნდა შეარჩიოს და საბოლოო დიაგნოზიც სწორედ მან უნდა დაადასტუროს.

მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლევების ჩატარებამდე, გლუტენი თვითნებურად არ ამოიღოთ კვების რაციონიდან. უგლუტენო დიეტის დაწყებამ, შეიძლება, ანტისხეულების დონე შეამციროს და ნაწლავის მდგომარეობა შეცვალოს, რის გამოც დიაგნოსტიკის შედეგები ზუსტი არ იქნება.

ცელიაკიის დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა, შესაბამისი კვლევებისა და მათი შედეგების შეფასების საფუძველზე.

რა ხდება დიაგნოზის დასმის შემდეგ?

დიაგნოზის მიღების შემდეგ, ექიმი შეაფასებს თქვენს ორგანიზმში რკინის, ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების დონეს, რადგან, ნაწლავის დაზიანების გამო, დეფიციტი ხშირია. საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი კვლევები და შესაბამისი დანამატები.

თუმცა, მთავარი ნაბიჯი, მაინც, მკაცრი უგლუტენო დიეტის დაწყებაა და ეს დიეტა უნდა დაიცვათ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ხორბლის, ქერისა და ჭვავის შემცველი პროდუქტების გამორიცხვას, არამედ - საკვების ეტიკეტების ყურადღებით შემოწმებასა და ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილებასაც.

უგლუტენო დიეტის დაწყების შემდეგ, სიმპტომები თანდათან მცირდება, ხოლო წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი იწყებს აღდგენას. თუმცა, ის, თუ რამდენ ხანში გაქრება სიმპტომები, ან რამდენ ხანში დაიკლებს მაჩვენებელი სისხლის ანალიზში, თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში, ამას 3-6 თვე სჭირდება, ზოგ შემთხვევაში კი - 1-2 წელი, ან მეტი.

აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი. ექიმმა უნდა განსაზღვროს შემდგომი ვიზიტებისა და ანალიზების სიხშირე.

დროთა განმავლობაში, უგლუტენო კვება ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი ხდება. ინფორმირების, ყურადღებისა და კონტროლის შედეგად, ცელიაკიის მქონე ადამიანებს აქვთ სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრება.

iმნიშვნელოვანია: საიტზე განთავსებული ინფორმაცია საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და ექიმის ინდივიდუალურ კონსულტაციას არ ცვლის.