პირველ რიგში, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ქართულ რეალობაში, ყველა სასურველი უგლუტენო პროდუქტის ყიდვას ერთ მაღაზიაში ვერ შეძლებთ. რამდენიმე დღის წინ, ბავშვმა მთხოვა, სკოლაში სენდვიჩი გამატანეო. პური ერთ მაღაზიაში ვიყიდე, ძეხვი - მეორეში და ყველი - მესამეში.
პირველ უგლუტენო შოპინგზე, შეიძლება, ისეთი განცდა გქონდეთ, თითქოს ნაცნობ მაღაზიაში პირველად მოხვდით. იმ პროდუქტებს, რომლებსაც აქამდე დაუფიქრებლად აგდებდით კალათში, ახლა ეჭვის თვალით შეხედავთ. უგლუტენო პური სად ვეძებო? მაკარონი რით ჩავანაცვლო? ყველა შეფუთვა უნდა წავიკითხო? და საერთოდ, რა ვჭამოთ ხვალ?
ამ დროს პირველი რეაქციაა, კალათაში ჩაყაროთ ყველაფერი, რასაც აქვს მარკირება „გლუტენის გარეშე“. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ, ჯერ ისიც არ იცით, რომელი პროდუქტი მოგეწონებათ, იპოვით თუ არა მას სადმე სხვაგანაც... პირველ შოპინგს სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონდეს - მოიმარაგოთ პროდუქტები რამდენიმე ნაცნობი კერძის მოსამზადებლად, რომ მომდევნო დღეები გლუტენის გარეშე ცხოვრების სიღრმისეულად შესასწავლად გამოიყენოთ.
ჯერ უგლუტენო მენიუ, მერე უგლუტენო საყიდლების სია
სანამ სასოწარკვეთას მიეცემით, გაიხსენეთ, რომ ხილი, ბოსტნეული და ხორცეული უგლუტენოა. თქვენ, რეალურად, კერძებში დამატებითი ინგრედიენტების ჩანაცვლება გჭირდებათ. ამიტომ, უგლუტენო პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში წასვლამდე, ჩამოწერეთ, რას მიირთმევთ ხოლმე ჩვეულებრივ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. შემდეგ მოინიშნეთ, რომელი ინგრედიენტებია ჩასანაცვლებელი.
აქ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ მთელი მენიუს ცვლილება სულაც არაა საჭირო. ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო, კვერცხი, ხორცი, ბოსტნეული და ხილი ისევ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია. უბრალოდ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ სოუსებს, სანელებლებსა და, რა თქმა უნდა, ფქვილს. როცა განსაზღვრავთ, კონკრეტულად, რა გაკლიათ, მაღაზიაშიც ნაკლებ დროს გაატარებთ.
კალათის შევსება
ყველაზე დიდ დროს უგლუტენო პროდუქტების თაროსთან ნუ გაატარებთ, რადგან საყიდლების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ჩვეულებრივ განყოფილებებშია. უგლუტენო პროდუქტების თაროზე ზუსტად ის ინგრედიენტები უნდა ეძებოთ, რაც მაღაზიაში წამოსვლამდე მოინიშნეთ - უგლუტენო პური, ფქვილი, მაკარონი, სანელებლები, სოუსები და წასახემსებლები.
საყურადღებოა მზა, ან დამუშავებული პროდუქტებიც. დამარინადებული, დაკონსერვებული პროდუქტები, ძეხვეული, რძის პროდუქტი დანამატებით - აქ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება და ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ეტიკეტის კითხვის გზამკვლევი დაგეხმარებათ.
ისეთი პროდუქტების ჩანაცვლება, რასაც ყოველდღე თუ არა, ხშირად მიირთმევთ, ნელ-ნელა დაიწყეთ. პირველ ეტაპზე, გირჩევთ უგლუტენო საკვები თითო და, თან, პატარა შეფუთვით შეიძინოთ. მწარმოებელი ბევრია და გემოებიც - განსხვავებული. შესაძლოა, პირველივე ვერსია არ მოგეწონოთ. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ, ზოგადად, უგლუტენო პროდუქტი უგემურია. დიდი შანსია, სხვა მწარმოებელს უფრო გემრიელი ვარიანტი ჰქონდეს.
არ დაგავიწყდეთ წასახემსებლები. სახლში კერძის მოსამზადებლად ინგრედიენტების შერჩევა ერთია, გარეთ კვება კი - მეორე. ამიტომ, იმაზეც დაფიქრდით, რა შეიძლება ჩაიგდოთ ჩანთაში, როცა მთელი დღით სახლიდან გადიხართ.
უგლუტენო პროდუქტების ბიუჯეტი - ყველაზე მტკივნეული საკითხი
ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ინგრედიენტების ცვლილება თქვენს ფინანსებზე არ იმოქმედებს. უგლუტენო პროდუქტები ჩვეულებრივზე ბევრად (2-3-ჯერ) ძვირია, რადგან უმეტესი ნაწილი საქართველოში არ მზადდება და იმპორტულია; მის დამზადებას განსხვავებული ნედლეული და პირობები სჭირდება; კიდევ ბევრი სხვა ადეკვატური, თუ არაადეკვატური მიზეზის გამოც...
ამიტომ:
- შეიძინეთ ზუსტად იმდენი, რამდენსაც უახლოეს დღეებში გამოიყენებთ;
- რამდენიმე სხვადასხვანაირი პურის ნაცვლად, ჯერ მხოლოდ ერთი გასინჯეთ;
- მოერიდეთ დიდი რაოდენობით ფქვილის ყიდვას, სანამ არ იცით, რის გამოცხობას გეგმავთ;
- ფასის შედარებისას, დააკვირდით შეფუთვის წონასაც;
- გადაამოწმეთ სააქციო ფასდაკლებები რამდენიმე მაღაზიაში, ოღონდ აქციით შეძენისას, ვარგისიანობის ვადაც გადაამოწმეთ.
როგორც თავიდან ვახსენეთ, მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, რომ ყველაფერს ერთ მაღაზიაში შეიძენთ. უგლუტენო პროდუქტები საქართველოში, როგორც წესი, სხვადასხვა მაღაზიაშია გაფანტული და საკმაოდ ძნელია, დაიმახსოვროთ, სად რა არის გემრიელი. ამიტომ, ტელეფონში მარტივი სია შექმენით: პროდუქტი, მაღაზია, ფასი, კომენტარი. (კომენტარში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მინიშნება მიიწეროთ).
ფოტოებიც გადაუღეთ ხოლმე უგლუტენო პროდუქტებს, ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა მაღაზიაში ოჯახის სხვა წევრი მიდის, ან მეგობარი გეკითხებათ, რა დაგახვედროთ სტუმრობისას.
პირველი შოპინგის შემდეგ, სია შეამცირეთ
პირველი უგლუტენო შოპინგიდან ერთი კვირის თავზე, გადახედეთ, რომელი პროდუქტი გახდა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი? რა არ მოგეწონათ? რა დაგრჩათ საერთოდ გაუხსნელი, ან რა აღმოჩნდა იმაზე გემრიელი, ვიდრე ელოდით?
ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საყიდლების მეორე სიას უფრო მარტივად ააწყობთ და თანდათან, გამოიკვეთება რამდენიმე საყვარელი პროდუქტი, მოსახერხებელი მაღაზია და აუცილებელი ინგრედიენტების ყოველკვირეული სიაც კი.
პირველივე შოპინგზე ყველა კითხვას პასუხს ვერ გასცემთ. ვინ იცის, რამდენჯერ გადავყარეთ ახლადგახსნილი შეფუთვები, იმიტომ რომ გემო არ მოგვეწონა. ან რამდენჯერ გადავყარეთ გაუხსნელიც, რადგან ვადას არ დავაკვირდით და იმდენ ხანს გადავდეთ გასინჯვა, რომ ვადა გაუვიდა.
მოკლედ, პრაქტიკული რჩევების გარეშე რთულია და იმედია, ჩვენი გამოცდილება გამოგადგებათ.