ბავშვების უგლუტენო ყოველდღიურობა

ჩვენი გამოცდილება ბავშვის უგლუტენო კვებაზე ბაღში, სკოლაში, დაბადების დღეებზე, სტუმრად და მეგობრებთან ერთად გასვლისას.

ავტორი: Gluten Free Gangგამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი, 20264 წთ კითხვა

როცა ჩვენს შვილს ცელიაკიის დიაგნოზი დაუსვეს და დავრწმუნდით, რომ სწორი კვებით მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, სხვა საკითხებზე დავიწყეთ ნერვიულობა. როგორ ივლის ბაღში, სკოლაში? როგორ შეძლებს, უსაფრთხოდ იკვებოს გარეთ? როგორ ივლის დაბადების დღეებზე, სტუმრად, ან მეგობრებთან ერთად, სასეირნოდ? სულ საკუთარი საჭმლით სიარული შესაძლებელია? თავს დაჩაგრულად არ იგრნძბონს?

ახლა, ამ ყველაფერს სერიოზულად ვეღარც აღვიქვამთ. შევძელით და ყოველდღიურ გამოწვევებს ჩვენით გავუმკლავდით. ვიფიქრეთ, ვიკვლიეთ, ვეცადეთ, რაღაცები შევცვალეთ და ჩვენი სისტემა ჩამოვაყალიბეთ. დღეს უკვე საკვების მომზადება და თან წაღება ჩვეულებრივი ამბავია.

უგლუტენო ლანჩბოქსი სკოლისთვის, ან ბაღისთვის

ბავშვს ბაღშიც სახლიდან ვატანდით საკვებს და სკოლაშიც უგლუტენო ლანჩბოქსით დადის. ბაღისთვის შერჩეული გვქონდა სამსართულიანი ლანჩბოქსი, ამაზე ვიდეოც კი გადავიღეთ. საკმაოდ მოსახერხებელი ლანჩბოქსია: პირველი სართული საუზმისთვის, მეორე - სადილისთვის და მესამე - სამხრისთვის. ყველაზე დიდი პლიუსი კი ის აქვს, რომ მიკროტალღური, ან ტაფა არ სჭირდება. შეაერთებ და საჭმელი თვითონ ცხელდება. სკოლისთვის ლანჩბოქსი შევცვალეთ, რადგან იქ მიკროტალღურის გამოყენების საშუალებაა და თან, ბავშვს გემოვნებაც შეეცვალა. სხვა სასკოლო ნივთებივით, ლანჩბოქსიც ფერადი და ნახატებიანი უნდოდა.

ცხადია, ვიზუალს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია - რა დევს ლანჩბოქსში.

დილით, სკოლისთვის და სამსახურისთვის მზადებასთან ერთად, საქმე, რა თქმა უნდა დაგვემატა, მაგრამ დროში ესეც გადავანაწილეთ. ის, რაც თავიდან რთულად და დამღლელად გვეჩვენებოდა, ახლა ყოველდღიური რუტინის ნაწილია. რაც მთავარია, სკოლისა და ბაღის მხრიდან მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ ერთი კვირის მენიუ წინასწარ გეცოდინებათ. ასე, შეძლებთ, რომ ბავშვს სხვების მსგავსი საკვები გაატანოთ. თუ სხვა ბავშვებს საუზმეზე კარაქიანი და ჯემიანი პური აქვთ, თქვენც იმავეს გაატანთ, ოღონდ - უგლუტენოს. სადილზე, წვნიანი იქნება თუ ყველიანი მაკარონი, ესეც გეცოდინებათ და გაატანთ. სამხრისთვისაც უგლუტენო ხაჭაპურის მომზადება არ არის პრობლემა. მეტიც, შეგიძლიათ ერთ ჯერზე ბევრი გააკეთოთ, გაყინოთ და, საჭირო დროს, უცებ გამოაცხოთ ტაფაზე.

ბავშვის უგლუტენო კვებაზე ბაღისა და სკოლის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე შევატყობინეთ. ავუხსენით, რატომ იყო აუცილებელი საჭმლის სახლიდან წამოღება და რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ყურადღება მიექციათ, სხვა არაფერი ეჭამა. გახსოვდეთ, რომ არც ერთ ბაღსა თუ სკოლას უფლება არ აქვს, უარი გითხრათ ცელიაკიის მქონე ბავშვის მიღებაზე.

დაბადების დღეები და სტუმრობები

როცა ბავშვი უგლუტენო კვებაზე გადასვლის შემდეგ, პირველად დაპატიჟეს დაბადების დღეზე, ახალი საფიქრალი გაჩნდა - რას ვთავაზობთ ტორტის ნაცვლად და როგორ ვუხსნით ამ ყველაფერს სხვებს?

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, ამ საკითხსაც იმავე პრინციპით მივუდექით - საკუთარი უგლუტენო ლანჩბოქსი ყველგან!

თუ სკოლაში ვინმეს დაბადების დღეა და კლასში აღნიშნავენ, წინასწარ გვაფრთხილებენ. ჩვენ კი ვატანთ უგლუტენო ნამცხვარს, ან იმ ტკბილეულს, რასაც თავად ბავშვი გვთხოვს, ტორტის ალტერნატივად.

სადღესასწაულო ცენტრებში და სტუმრადაც ჩვენი კონტეინერებით დავდივართ. ახლა ყველა მიეჩვია და ხანდახან, თავადაც ზრუნავენ ხოლმე პერსონალურ უგლუტენო კვებაზე. თუმცა, თავიდან ყველასთვის გვიწევდა ახსნა, რომ არც ერთი ნაჭერი ხაჭაპური შეიძლება და არც ერთი კოვზი ტორტი. ახლა ჩვენი ლანჩბოქსით გამოჩენა აღარავის უკვირს. ბავშვიც ერთობა, თამაშობს და დღესასწაულებს მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.

როცა კაფეში, სასეირნოდ, ან გასართობად მივდივართ:

ამასაც, ცხადია, წინასწარ ვგეგმავთ. ზოგიერთ კაფეში წინასწარ მიგვაქვს ჩვენივე წასახემსებლები. ზოგჯერ კი ისეთ ადგილს ვირჩევთ, სადაც უგლუტენო არჩევანია. ასეთი ობიექტების სიას ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩანთაში ყოველთვის გვაქვს რაღაც სასუსნავი. ეს განსაკუთრებით მაშინაა მოსახერხებელი, როცა გასართობად მივდივართ და არ ვიცით, სად, ან როდის მოგვშივდება.


მას შემდეგ, რაც უგლუტენო დიეტის აუცილებლობის წინაშე დავდექით, ბევრ რამეზე წინასწარ ვნერვიულობდით. თუმცა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამ გამოწვევებს, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა გავმკლავებოდით. უნდა გაგვერკვია, რა გვჭირდებოდა, ვისთან რა უნდა შეგვეთანხმებინა, როგორ უნდა აგვეწყო ჩვენთვის და ბავშვისთვის მოსახერხებელი სისტემა ისე, რომ სახლიდან ყოველი გასვლა არ ყოფილიყო პრობლემური.

როცა ეს ყველაფერი მოვაგვარეთ და დავმშვიდდით, ბავშვისთვისაც ყველაფერი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მისაღები გახდა. საკუთარი ლანჩბოქსი, პერსონალური ნამცხვრები და ჩანთებში მუდმივად ჩაწყობილი წასახემსებლები მისთვის არა დისკომფორტი, არამედ - კომფორტია.

iმნიშვნელოვანია: საიტზე განთავსებული ინფორმაცია საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და ექიმის ინდივიდუალურ კონსულტაციას არ ცვლის.